დღეს აჭარის მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე
ისაუბრა.
თორნიკე რიჟვაძის თქმით, ბათუმი ტურიზმის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟული, მსოფლიო ტურიზმის დაჯილდოების ღონისძიებისთვის ემზადება. ტურიზმის ოსკარის სახელით ცნობილ ღონისძიებას „World Travel Awards“ საქართველო წელს პირველად უმასპინძლებს. ღონისძიების ფარგლებში ბათუმს 20-ზე მეტი ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრიის, მედიისა და ტურიზმის უწყებების 300-ზე მეტი წარმომადგენელი ესტუმრება.
,,28-29 სექტემბერს ბათუმი მასპინძლობს საერთაშორისო ტურისტულ ფორუმს და მსოფლიო ტურიზმის Warld Travel Awards-ის ღონისძიებას და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მაღალ დონეზე, უნაკლოდ ჩავატაროთ ეს ღონისძიება. პირველად 2019 წელს მიიღო ბათუმმა ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულების ნომინაცია და ახლაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ტურიზმის ოსკაროსან ქალაქს ერგო პატივი გალა ღონისძიება ჩატარდეს ბათუმში. გვეყოლება 20-ზე მეტი ქვეყნიდან წარმომადგენლები, როგორც მედიის, ასევე ტურისტული ინდუსტრიის და ძალიან მნიშვნელოვანია და კიდევ ერთხელ გთხოვთ, რომ ძალიან მაღალ დონეზე შევძლოთ ამ ღონისძიების ჩატარება და ასე ამბიციურად დავასრულოთ საზღვაო ტურისტული სეზონი“ - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
თორნიკე რიჟვაძემ საზღვაო ტურისტული სეზონი შეაჯამა და აღნიშნა, რომ აჭარას წარმატებული საზღვაო ტურისტული სეზონი ჰქონდა.
,,საზღვაო ტურისტული სეზონი წარმატებული იყო, ჩვენ შევძელით, რომ შეგვენარჩუნებინა მზარდი დინამიკა, სტატისტიკა ვიზიტორების. მორჩა რა საზღვაო ტურისტული სეზონი, ძალიან ხმამაღლა და ღიად შეგვიძლია ვთქვათ, რას ემსახურებოდა ის კამპანიური ხასიათის სრულ სიყალბეზე დაფუძნებული დეზინფორმაცია, რომელსაც ავრცელებდნენ მტრულად განწყობილი ჯგუფები.
2019 წელთან შედარებით 20%-ით გავზარდეთ ვიზიტორთა რაოდენობა, ასევე 46%-ით არის გაზრდილი 2022 წლის ვიზიტორთა რაოდენობა. მიმდინარე წლის საზღვაო ტურისტულ სეზონზე, მაინც იმუშავა და შესაბამისად, გარკვეულ პოტენციურ ვიზიტორებზე მაინც მოახდინა გავლენა წყლის ხარისხის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულმა კამპანიამ. ეს არის კიდევ ერთი გამოვლინება და ხელწერა ამ რადიკალური ჯგუფების, რომ მაქსიმალურად შეძლონ ამ ცრუ კამპანიებით ჩვენი მოსახლეობის ფინანსური დაზარალება და შემდეგ ეს უკმაყოფილება გამოიყენონ სხვადასხვა მიზნებისთვის“ - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.
აჭარაში 2022 წელთან შედარებით ვიზიტების რაოდენობა გაზრდილია +46.3 %-ით, ხოლო 2019 წელთან შედარებით ვიზიტები რეგიონში გაზრდილია +20.2%-ით. ფრენების მატებაა გვაქვს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტშიც. საერთაშორისო ფრენების რაოდენობა 2022 წელთან შედარებით გაზრდილია +12%-ით,ხოლო 2019 წელთან შედარებით +6%-ით.
აჭარის მთავრობის სხდომაზე, თორნიკე რიჟვაძემ აჭარაში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის შექმნის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ რეგიონს ყოველწლიურად ემატება ახალი საგანმანათლებლო სივრცეები. თორნიკე რიჟვაძემ ასევე ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ წინა ხელისუფლების დროს ბათუმში არც ერთი სკოლის მშენებლობა არ განხორციელებულა.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე აჭარაში ბაღების მშენებლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში, აჭარაში 58 ბაღი აშენდა. თორნიკე რიჟვაძის თქმით, ბაღების მშენებლობის კუთხით რეგიონს გარდამტეხი სიახლეები აქვს. 2012-2022 წლებში ქობულეთში 18 ბაღი აშენდა, მიმდინარეობს 6 ბაღის მშენებლობა. ხელვაჩაურში - 9, ხულოში კი 12 ახალი ბაღი აშენდა. ქედის მუნიციპალიტეტს 2012-2022 წლებში 2 ახალი ბაღი შეემატა, ხოლო ბათუმში 2012-2023 წლებში 8 ახალი ბაღი აშენდა. ამ ეტაპზე ბათუმში მიმდინარეობს ახალი ბაღების მშენებლობაც.
,,მინდა მოგახსენოთ, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტში ბოლო 10 წლის განმავლობაში აშენდა 18 ახალი ბაღი და მიმდინარეობს რამდენიმე ახალი ბაღის მშენებლობა. რაც შეეხება 2003-2012 წლებს, არც ერთი ბაღი არ აშენებულა როგორც ქობულეთში, ასევე ხელვაჩაურში, სადაც 9 ახალი ბაღის მშენებლობა დასრულდა. ხულოს მუნიციპალიტეტშიც არც ერთი ბაღი არ აშენებულა 2003-2012 წლებში. ბოლო 10 წლის განმავლობაში ჩვენ შევძელით დაგვესრულებინა 18 ახალი ბაღის მშენებლობა. არავის ვეჯიბრებით, ჩვენი ვალდებულებაა, რომ გავაგრძელოთ მოსახლეობის საჭიროებებზე ორიენტირებული პროექტების განხორციელება. განსაკუთრებით მიხარია, რომ წელს 7 ახალი სკოლა შევიდა ექსპლუატაციაში. შესაბამისად, აჭარაში მიმდინარეობს 90-ზე მეტი სკოლის რეაბილიტაცია, რომელიც საბოლოო ჯამში გააუმჯობესებს 25000-ზე მეტი მოსწავლის სასკოლო გარემოს და წვდომას თანამედროვე განათლებაზე“ - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს უპრეცედენტო რაოდენობის საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის შექმნა, იქნება ეს ბაღი, სკოლა, კოლეჯი თუ უნივერსიტეტი. ყოველწლიურად ბათუმს, აჭარას ემატება ახალი თანამედროვე სტანდარტის საგანმანათლებლო სივრცეები და აქვე აღვნიშნავ, რომ არც ერთი სკოლის მშენებლობა არ განხორციელებულა წინა ხელისუფლების დროს ბათუმში.
მიმდინარეობს 90 მდე სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში. მხოლოდ 2022-2023 სასწავლო წელს 7 ახალი სკოლა შეემატა აჭარას და 15 000 მოსწავლისთვის გაუმჯობესდა სასწავლო გარემო.
ბათუმის განათლებისა და მეცნიერების ქალაქში უკვე ფუნქციონირებს ფიზიკა-მათემატიკის პროფილის ახალი სკოლა. განათლების ქალაქში 560 სტუდენტზე გათვლილი კოლეჯ „ბლექსის“ ახალი სასწავლო კორპუსის მშენებლობა დაიწყო.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა სტუდენტებისთვის საზღვარგარეთ სწავლების მხარდაჭერაზე.
„ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება გახლავთ საზღვარგარეთ სწავლების მხარდაჭერა აჭარაში რეგისტრირებული სტუდენტებისთვის. ამ მიმართულებით 400-ზე მეტი სტუდენტს დაუფინანსდა როგორც საზღვარგარეთ სწავლა, ასევე სტაჟირება. ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, 600-ზე მეტმა სტუდენტმა გაიარა სტაჟირება გერმანიაში და ისინი უკვე კვალიფიციურ სამსახურს იპოვიან, მათ შორის ჩვენს რეგიონში“ - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.
თორნიკე რიჟვაძემ ბათუმის დინამოს ხელშეწყობის მიზნით, მნიშვნელოვანი სიახლეც გააჟღერა:
„მსურს გაგაცნოთ გადაწყვეტილება, რომელიც უკავშირდება ბათუმის დინამოს ხელშეწყობას. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ბათუმის ცენტრალური სტადიონით გუნდი ისარგებლებს უსასყიდლოდ შემდეგი წლების განმავლობაში და მე მათ ვუსურვებ წარმატებებს“ - აღნიშნა მთავრობის თავმჯდომარემ.