აჭარის მთავრობის სხდომა

აჭარის მთავრობის სხდომა
აჭარის მთავრობის სხდომა
აჭარის მთავრობის სხდომა
აჭარის მთავრობის სხდომაზე ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტისა და დაგეგმილი პრიორიტეტების შესახებ იმსჯელეს. აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტი გაიზარდა და 700 მილიონ ლარს გადააჭარბა. გაიზარდა როგორც სამინისტროების ბიუჯეტი, ისე მუნიციპალიტეტებისთვის გადასაცემი ტრანსფერის მოცულობა. ტრანსფერი 35,8 მილიონი ლარით გაიზარდა და 241 მლნ ლარი შეადგენს.
დაიწყება „ოცნების ქალაქის“ მეორე ეტაპის მშენებლობა, რისთვისაც 17 000 000 ლარია განსაზღვრული. განხორციელდება გოდერძის და გომარდულის ახალი საბაგირო ხაზის მშენებლობა. ჭვანას და მაჭახელას „ეთნოსოფელის“ განვითარების პროექტისთვის 5 მლნ ლარია გათვალისწინებული, ხოლო 35, 8 მლნ ლარი გათვალისწინებულია სპორტული ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე ჯანდაცვის ბიუჯეტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2024 წელს ჯანდაცვის ბიუჯეტი 11 მლნ ლარით გაიზრდება და 51 255 000 ლარს შეადგენს. შედეგად, გაიზრდება გულის ქირურგიის და ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ პაციენტთა დამატებითი სამედიცინო მომსახურება, ბავშვთა და მოზარდთა სამედიცინო და სოციალური რეაბილიტაციით 2 260 ბენეფიციარი ისარგებლებს.
2024 წელს განხორციელდება 95-ზე მეტი საჯარო სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციის სამუშაოები, მათ შორის ბათუმში 9 საჯარო სკოლის ძირითადი ან დამატებითი შენობა აშენდება, რისთვისაც 37 მლნ ლარი დაიხარჯება.
გაგრძელდება სტუდენტთა მხარდაჭერის პროგრამები. 1500 სტუდენტს დაუფინანსდება სწავლა და სტაჟირება საზღვარგარეთ. სპორტის განვითარების ხელშეწყობისა და პოპულარიზაციისთვის განახლებული ბიუჯეტის ფარგლებში 7 175 000 ლარია გათვალისწინებული.
2024 წელს 42 ფედერაციის სპორტული ღონისძიებები დაფინანსდება. ერთჯერადი ჯილდოების სახის გაიცემა 1 000 000 ლარი. აჭარის ნაკრები გუნდების წევრთა და მათ პირად მწვრთნელთა სტიპენდია 200 000 ლარი იქნება.
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად, ბათუმში იგეგმება მასშტაბური სარეაბილიტაციო პროექტის განხორციელება - ძველი ბათუმის სრული რესტავრაცია-რეაბილიტაცია, რომლის მიზნებისთვის უკვე განსაზღვრულია 200 მლნ. ლარამდე. ეს იქნება ბათუმის როგორც ტურისტული, ასევე ინფრასტრუქტურული განახლებისთვის ერთ-ერთი ყველაზე ცენტრალური პროექტი.
გაგრძელდება ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება სამედიცინო ინფრასტრუქტურის მშენებლობის კუთხითაც. იგეგმება ახალი პოლიკლინიკის მშენებლობა. ასევე, სასწრაფო და გადაუდებელი ცენტრის მშენებლობა. გამოვლენილია გამარჯვებული კომპანია და ძალიან მალე გაფორმდება შესრულების ხელშეკრულება. ბათუმის არსებულ რესპუბლიკურ საავადმყოფოს დაემატება პედიატრიული განყოფილება, პირველ სართულზე, ყველაზე დიდ ფართზე მოეწყობა მიმღები და შესაბამისი განყოფილებები, რათა კიდევ უფრო მეტად შევძლოთ ვიზრუნოთ ჩვენს ბავშვებზე და მოქალაქეებზე.