აჭარაში სასურსათო კალათების გადაცემა დაიწყო

აჭარაში სასურსათო კალათების გადაცემა დაიწყო

აჭარაში 7000 ოჯახისთვის სასურსათო კალათების გადაცემა დაიწყო.

მუნიციპალიტეტის მერმა ჯუმბერ ვარდმანიძემ, აჭარის არ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან მაია ხაჯიშვილთან და აჭარის არ უმაღლესი საბჭოს ვიცესპიკერთან მერაბ კარანაძესთან ერთად, მოწყვლად ჯგუფებს სასურსათო კალათები ოჯახებში მიუტანა. ღონისძიებაში ჩართული იყვნენ მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნადიმ ვარშანიძე, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები და მოხალისეთა ჯგუფები.
სასურსათო კალათები მუნიციპალიტეტში მაცხოვრებელ 400 ოჯახს უკვე გადაეცა, სურსათით ხელვაჩაურში ჯამში 654 ოჯახი დაკმაყოფილდება.

თორნიკე რიჟვაძის გადაწყვეტილებით, სურსათის შესაძენად აჭარის მთავრობის თავმჯდომარის სარეზერვო ფონდიდან 400 000 ათას ლარამდე გამოიყო. 7000 ოჯახისთვის შეძენილ იქნა პროდუქტები, რომელიც აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტში გადანაწილდა და ხანდაზმულებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, სოციალურად დაუცველებს, მარტოხელა პენსიონერებს, სარეცელს მიჯაჭვულ პირებს გადაეცა.

აჭარის ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის ინიციატივით, ჯანდაცვის სამინისტროს და წითელი ჯვრის ჩართულობით მუნიციპალიტეტში გადამზადდა მოხალისეთა ჯგუფები, რომლებიც თავის მხრივ ორგანიზებას უწევდნენ დარიგების პროცესს, რათა დაცული ყოფილიყო პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციები.