აჭარის მთავრობის სხდომა

აჭარის მთავრობის სხდომა
აჭარის მთავრობის სხდომა
აჭარის მთავრობის სხდომა
დღეს აჭარის მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრა.
თორნიკე რიჟვაძემ უამინდობისა და შტორმის შედეგებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ყველა სამსახური იქნება ჩართული, რათა დროულად შესრულდეს გაწმენდითი და ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები, იქნას შესწავლილი ზარალი და მაქსიმალური დახმარება გაეწიოს ყველა კერძო პირსა თუ მეწარმეს, რომლებიც სტიქიის შედეგად დაზარალდნენ.
„გუშინ განვითარებულმა ძლიერმა შტორმმა და უამინდობამ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა ბათუმის და ქობულეთის სანაპიროებს, ბულვარს. მინდა ვთხოვო და დავავალო ყველა უწყებას, ყველა სამსახურს, მაქსიმალურად დროულად მოხდეს გაწმენდითი სამუშაოების შესრულება და დროულად დასრულდეს ყველა სალიკვიდაციო სამუშაო. ასევე, მუნიციპალიტეტის შესაბამისმა მუდმივმოქმედმა კომისიებმა დროულად მოახდინონ ზარალის შესწავლა. ჩვენ მაქსიმალურად უნდა დავუჭიროთ მხარი და დახმარება აღმოვუჩინოთ ყველა კერძო პირს თუ მეწარმეს, რომელიც დაზიანდა აღნიშნული მოვლენებით“ - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.
მთავრობის თავმჯდომარემ 2024 წლის ბიუჯეტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რეგიონის ნაერთი ბიუჯეტი 1 მილიარდ ლარს მიუახლოვდა. კერძოდ, ჯანდაცვის ბიუჯეტი 51 მლნ ლარზე მეტი იქნება, რის შედეგადაც დაიგეგმა არაერთი მნიშვნელოვანი სოციალური პროგრამა.
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს შენიშვნების შემდგომ ვმუშაობთ 2024 წლის ბიუჯეტის გადამუშავებულ ვერსიაზე და ძალიან მალე, დასრულდება ეს პროცესიც. პირველად აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკის ბიუჯეტი გადააჭარბებს საკუთრივ 700 მლნ ლარს, ხოლო ნაერთი ბიუჯეტი მიუახლოვდა 1 მილიარდ ლარს. ამ ბიუჯეტის ფარგლებში დაგეგმილია არაერთი მნიშვნელოვანი, როგორც ჯანდაცვის, ასევე, სოციალური პროგრამა. ჯანდაცვის ბიუჯეტი 51 მლნ ლარზე მეტით განისაზღვრა. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ იზრდება დაფინანსება როგორც ეკომიგრანტი ოჯახების მხარდაჭერის კუთხით, ასევე იზრდება დაფინანსება ახალი ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციის კუთხით.
თორნიკე რიჟვაძემ მუნიციპალიტეტების მიზნობრივ-კაპიტალურ მხარდაჭერაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ აღნიშნული ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებულია 240 მლნ ლარზე მეტი ტრანსფერი, რაც მოსახლეობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პროექტებზე დაიხარჯება.
„ჩვენ გავაგრძელებთ აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტის მიზნობრივ-კაპიტალურ მხარდაჭერას ტრანსფერების სახით. აღნიშნული ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებულია 240 მლნ ლარზე მეტი ტრანსფერი შესაბამის მუნიციპალიტეტებზე, რომელთა ფარგლებშიც განხორციელდება მოსახლეობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი როგორც ინფრასტრუქტურის მშენებლობა, ასევე, კიდევ უფრო მეტად განვითარდება ყველა ის ადგილობრივი სოციალური და ჯანდაცვის პროგრამა, რომელიც ესაჭიროებათ ჩვენს მოქალაქეებს“ - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.
აჭარის 2023 წლის ბიუჯეტი დაკორექტირდა და ჯანდაცვის ნაწილში 8 მილიონი ლარით გაიზარდა. აღნიშნული ცვლილება მოსახლეობის საჭიროებიდან და ჯანდაცვის სერვისებზე გაზრდილი მოთხოვნით იყო განპირობებული.
თორნიკე რიჟვაძე ასევე შეეხო ნარინჯისფერი რთველის საკითხს და აღნიშნა, რომ წელს ფერმერები არასტანდარტულ მანდარინზე, ნაცვლად 15 თეთრისა, მიიღებენ 30 თეთრის სუბსიდიას.
„სხდომაზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გაორმაგებულიყო არასტანდარტული ციტრუსის სუბსიდირება და შესაბამისად, მიმდინარე წელს ნაცვლად 15 თეთრისა, მეციტრუსეები არასტანდარტულ მანდარინზე მიიღებენ 30 თეთრს სუბსიდიას. რაც შეეხება ციტრუსის რთველის მიმდინარეობას, უკვე ექსპორტირებულია 3700 ტონაზე მეტი და ვთვლით, რომ შეფერხებების გარეშე შევძლებთ ამ სეზონის ჩატარებას“ - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.
წარმატებით მიმდინარეობს ნარინჯისფერი რთველი. ამ ეტაპზე უკვე ექსპორტირებულია 3700 ტონა ციტრუსი. მობილიზებულია მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმოები, რამდენიმე დღეში ფუნქციონირებას დაიწყებს არასტანდარტული ციტრუსის მიმღები საწარმო.