აჭარის მთავრობის სხდომა

აჭარის მთავრობის სხდომა
აჭარის მთავრობის სხდომა
დღეს გამართულ აჭარის მთავრობის სხდომაზე, მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ 2023 წლის პირველი კვარტლის ეკონომიკური და ტურისტული ტენდენციები მიმოიხილა. თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, რომ მაქსიმუმი გაკეთდება, რათა რადიკალურ ჯგუფების მიერ არ მოხდეს ტურისტული სეზონის დისკრედიტაცია.
,,დარწმუნებულები ვართ, რომ ხელისუფლების მიერ გატარებული სამშვიდობო პოლიტიკით, ევროპული კურსით ეს ტენდენციები იქნება შენარჩუნებული და ჩვენი მოსახლეობა უფრო მეტ სარგებელს მიიღებს. შარშან მიდიოდა საზღვაო ტურისტული სეზონის მიზანმიმართული დისკრედიტაცია პირველ რიგში ნაციონალური მოძრაობის და მათთან დაკავშირებული რადიკალური ჯგუფების მიერ. მათ შორის, ზოგიერთი მედია საშუალებების მხრიდან, რომლებიც ფინანსდებიან ევროპელი პენსიონერების და ქართული ჯარის ნაძარცვი ფულით. ხელისუფლება ძალიან მყარად აგრძელებს სამშვიდობო პოლიტიკის გატარებას. შესაბამისად, გვექნება წარმატებული ტურისტული სეზონი და შევინარჩუნებთ დადებით ეკონომიკურ ტენდენციას“ - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
მთავრობის თავმჯდომარემ ეკონომიკური ტენდენციები შეაფასა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტი, პირველ კვარტალში გადაჭარბებით - 120 %-ით შესრულდა. გაზრდილია საგადასახადო შემოსავლები ყველა მიმართულებით, რაც მიუთითებს ბიზნესის დადებით დინამიკაზე, ასევე სამუშაო ადგილების ზრდაზე. ბათუმში მიმდინარეობს ძალიან მნიშვნელოვანი დასაქმების ფორუმი 2000-ზე მეტი ღია ვაკანსიით, რაც წამყვან კომპანიებში დასაქმების შესაძლებლობას იძლევა.
ტურიზმის მიმართულებით დადებითი დინამიკა ფიქსირდება. როგორც თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, ბრიტანული ონლაინ გამოცემის ,,Independent"-ის ბოლო რეიტინგების მიხედვით ბათუმი გახლავთ ტოპ-ათეულში პოპულარულ მსოფლიო ტურისტულ კურორტებთან ერთად.
მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით „World Travel Awards"-ის ევროპის დაჯილდოების ცერემონიას ბათუმი მიმდინარე წლის 30 სექტემბერს უმასპინძლებს.
რეგიონში აქტიურად მიმდინარეობს სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა და სპორტსმენებისთვის სავარჯიშო საერთაშორისო სტანდარტების სავარჯიშო სივრცეების მოწყობა. თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, რომ სპორტსმენებმა არაერთი წარმატება მოიპოვეს. სპორტის მხარდაჭერის და მოტივაციის გაზრდის მიზნით, მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, ევროპის, მსოფლიო და ოლიმპიურ ჩემპიონატებში (დიდებში) საპრიზო ადგილზე გასული სპორტსმენები და მათი მწვრთნელები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან გაზრდილ საპრიზო თანხას მიიღებენ. საპრიზო ფონდი რამდენიმეჯერ გაიზრდება და მილიონ ლარს გადააჭარბებს.
აჭარის მთავრობის სხდომაზე აღინიშნა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, იწყება ქალაქებისა და კურორტების განვითარების მასშტაბური სახელმწიფო პროგრამა, რომლის ფარგლებშიც განხორციელდება ძველი ბათუმის რეაბილიტაცია.
მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით გაგრძელდება სტუდენტთა მხარდაჭერის პროგრამები. აჭარის განათლების სამინისტრო 2022-2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სწავლის საფასურს 520 სტუდენტს დაუფინანსებს. სტუდენტთა დახმარების პროგრამის ფარგლებში დაფინანსების მიღება შეუძლიათ სტუდენტებს, რომლებიც არიან მაღალმთიანი აჭარიდან, მრავალშვილიანი ოჯახიდან, სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან.