აჭარის მთავრობის სხდომაზე 2023 წლის აჭარის ბიუჯეტის პრიორიტეტების შესახებ იმსჯელეს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მთავარი ფინანსური დოკუმენტის მიხედვით, პირველად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტმა გადააჭარბა ნახევარ მილიარდ ლარს, 5.2%-ით გაიზარდა და 507 300 000 ლარს შეადგენს.
,,ორნიშნა ეკონომიკურ ზრდასთან ერთად, შესაბამისი ასახვა ჰპოვა საგადასახადო შემოსულობებზე, საგადასახადო გადასახადზე და ის განისაზღვრა 410 მილიონი ლარით, რაც წინა წელთან შედარებით
შეადგენს 17.2%-იანი ზრდას. აღნიშნული ბიუჯეტის ფარგლებში დაგეგმილია არაერთი მნიშვნელოვანი სოციალური, ჯანდაცვის და ინფრასტრუქტურული პროექტი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის პრიორიტეტები, რომელიც მოსახლეობისთვის წარმოადგენს ყველაზე დიდ გამოწვევას. ამ მიმართულებით, 4 მილიონი ლარით განისაზღვრა მომავალი წლისთვის ეკომიგრანტების შესაბამისი საცხოვრისით უზრუნველყოფის პროგრამა. ჩვენ ვზრდით დაფინანსებას და მომავალი წლისთვის თითოეული ეკომიგრანტი ოჯახისთვის იქნება 40 000 ლარი“ - გაცხადა თორნიკე რიჟვაძემ აჭარის მთავრობის სხდომაზე.
2023 წლის ბიუჯეტი ითვალისწინებს ე.წ. ოცნების ქალაქის მშენებლობის მეორე ფაზის დაფინანსებას და შესაბამისი საბიუჯეტო დაფინანსება განისაზღვრა 17 მილიონი ლარით. აჭარის 2023 წლის ბიუჯეტით იზრდება ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის ბიუჯეტი 4 080 000 ლარამდე, ხოლო სახელმწიფოს მხრიდან თითოეულ ოჯახზე თანადაფინანსების წილი 40 000 ლარამდე. გაგრძელდება წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტი. ასევე, გაგრძელდება მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირება, რისთვისაც 4 500 000 ლარი დაიხარჯება.
აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ბიუჯეტი 60 მლნ ლარამდე გაიზარდა და 2023 წელს 50 კმ-მდე გზაზე მოეწყობა ასფალტო-ბეტონი - მათ შორის ტურისტული მნიშვნელობის გზა
საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებული პირებისთვის გაიზრდება ხელფასები. იზრდება მუნიციპალიტეტების დაფინანსება კაპიტალური ტრანსფერების ნაწილში და შეადგენს 168 მლნ ლარს, რომელიც მისცემს საშუალებას მუნიციპალიტეტებს განახორციელონ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი.
2023 წელს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო კორპუსის და სტუდენტთა საერთო საცხოვრებლის მშენებლობა დაიწყება, გაიზრდება სტუდენტების საზღვარგარეთ სწავლებისა და სტაჟირების დაფინანსება
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე 2023 წლის ფინანსურ დოკუმენტთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ გაიზრდება უნივერსიტეტების დაფინანსება, დაიწყება ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი საცხოვრებელი კამპუსის მშენებლობა, გაიზრდება სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის ბიუჯეტიც.
„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება არის განათლება და ახალგაზრდობის მხარდაჭერა. ამ მიმართულებითაც იზრდება შესაბამისი პროგრამები. იზრდება როგორც დაფინანსება უნივერსიტეტის პროგრამული მიმართულებების, ასევე ჩვენ ყველამ ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აშენდეს ახალი საცხოვრებელი კამპუსი, 400 სტუდენტზე გათვლილი, რომელიც მისცემს საშუალებას როგორც აჭარის მაღალმთიანიდან, ასევე სხვა მეზობელი რეგიონებიდან სტუდენტებს, ძალიან მინიმალური გადასახადის საფუძველზე ისწავლონ და იცხოვრონ საერთო საცხოვრებელში. ვზრდით დაფინანსებას საზღვარგარეთ როგორც სწავლის, ასევე პრაქტიკის მიმართულებით. ამავე დროს, მინდა გაცნობოთ, რომ მომავალი წლიდან ავამოქმედებთ ინტენსიურ სასწავლო-მოსამზადებელ კურსებს როგორც ხულოს რაიონში, ასევე შუახევის რაიონში, სადაც ყველა აბიტურიენტს მიეცემა საშუალება მოემზადოს უნივერსიტეტში ჩასაბარებლად. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ ინფრასტრუქტურული პროგრამების დაფინანსება განათლების ინფრასტრუქტურის კუთხით, მომავალ წელს განისაზღვრება 25 მილიონი ლარით“ - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.
2023 წელს, 200-მდე სტუდენტი საზღვარგარეთ სასწავლო პრაქტიკის დაფინანსებით ისარგებლებს. 100 სტუდენტს კი სწავლა-სტაჟირება საზღვარგარეთ დაუფინანსდება.
2023 წლის აჭარის ბიუჯეტის მთავარი მიმართულებების განხილვისას აღინიშნა, რომ კულტურის განვითარებისა და პოპულარიზაციის მიმართულებით ბიუჯეტი იზრდება 40%-ით და შეადგენს 25 500 000 ლარს. შესაბამისად, გაძლიერდება ხელოვანების მხარდამჭერი პროგრამები; მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება ფესტივალებისა და სხვა კულტურული ღონისძიებების ორგანიზებაში; გაორმაგდება კულტურული მემკვიდრეობის მოვლა-პატრონობის დაფინანსება.
„იზრდება კულტურის სფეროს და კულტურის შესაბამისი მუშაკების და პროგრამების დაფინანსება. მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება კულტურული ღონისძიებების ორგანიზების კუთხით. ასევე მნიშვნელოვანია, რომ კულტურული მემკვიდრეობის მოვლის, შენახვის და რეაბილიტაციის მიზნით გაორმაგდება ბიუჯეტი და შესაბამისი პროგრამები განხორციელდება“ - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.
2023 წელს აჭარაში სპორტის დაფინანსება მილიონი ლარით იზრდება. ასევე, იზრდება მასობრივი სპორტის დაფინანსება; იზრდება ფედერაციების დაფინანსებაც.
„იზრდება დაფინანსება სპორტის მიმართულებით. თითოეულ ფედერაციაზე დაფინანსება გაიზარდა 10 ათას ლარზე მეტით. ასევე გაიზრდება შესაბამისი მხარდაჭერა პრიზიორების, როგორც მსოფლიოს, ასევე ევროპის ჩემპიონატების და მათ ერთჯერად პრიზებთან ერთად დაენიშნებათ ყოველთვიური სტიპენდია“ - აღნიშნა მთავრობის თავმჯდომარემ.
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 3 827 205 ლარით გაიზარდა და 32 735 000 ლარი შეადგინა. შედეგად, პირველად დაიწყება შშმ სტატუსის მქონე დედათა და ორსულთა ერთჯერადი მატერიალური დახმარება 2000 ლარის ოდენობით; გაიზრდება შშმ ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამები; გაიზრდება ელექტრო-ეტლების რაოდენობა და დამხმარე საშუალებების ნუსხა.
4 მლნ ლარამდე გაიზარდა ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების პროგრამა. „მომავალ წელს ჩვენ პრაქტიკულად გავაორმაგებთ, როგორც ღვიძლის ასევე ძვლის ტრანსპლანტაციის პროგრამას და არსებული125 ათასი ლარი დაფინანსება გაიზრდება 2235 ათას ლარამდე“ - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.
ძვლის ტვინისა და ღვიძლის ტრანსპლანტაციის დაფინანსება და ბენეფიციარების რაოდენობა გაიზარდა: ღვიძლის ტრანსპლანტაცია დაუფინანსდება 25 პაციენტს - თითოეულს 120 000 ლარით, ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციისათვის გამოიყოფა 125 000 ლარიდან -235 000 ლარამდე.
50%-ზე იზრდება 2023 წელს ტურიზმის დაფინანსება აჭარაში, გაიზრდება როგორც ტურისტული ინფრასტრუქტურის, ისე ტურისტული დანიშნულების ატრაქციების ბიუჯეტი და განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ბათუმის პოზიციონირებას საერთაშორისო ტურისტულ ბაზრებზე.
სოფლის მეურნეობის დაფინანსება გაიზარდა და განისაზღვრა 27 მილიონი ლარით. ამოქმედდა ციტრუსის სარეალიზაციო შტაბი და 2023 წლის ბიუჯეტითაც იქნება გათვალისწინებული ციტრუსი სუბსიდირების პროგრამა. ასევე, გაგრძელდება სახნავ-სათესი ფართობების უფასო პროგრამა. ასევე, გაფართოვდა ისეთი პროგრამები, როგორიცაა სოფლად მეწარმეობის მხარდაჭერა, საოჯახო მეურნეობების მხარდაჭერა და სხვა მნიშვნელოვანი პროგრამები.